დონალდ ტრამპი ხვალ, 19 მაისს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება. „ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლი შეწყდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა. კრემლის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.