ტრამპი ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს - ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი  

ბრიუსელი ვაშინგტონის პრეტენზიებს არ იღებს.

კრიტიკული გზავნილების გაჟღერების შემდეგ ევროკავშირიდან აშშ-ის ხელისუფლებას უკვე მიუთითეს, რომ ევროპის ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ტრამპის გამარჯვების და პრეზიდენტის პოსტის ხელმეორედ დაკავებისთანავე დაძაბული ურთიერთობა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ საგრძნობლად გააუარესა. დოკუმენტში ევროკავშირის მისამართით გამოთქმული კრიტიკა ახლა უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნების და დიპლომატების არანაკლებ რეზონანსული განცხადებებით გრძელდება. ვაშინგტონი ბრიუსელს სუვერენიტეტისა და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, პასუხად ევროკავშირი ამერიკას მოკავშირეობის პრინციპებს ახსენებს. ბოლო ორ წელში თბილისსა და ბრიუსელს შორის გამწვავებული ურთიერთობის და ყველა დონეზე შეჩერებული დიალოგის ფონზე ტრამპის ახალი ხედვა და საგარეო პოლიტიკის სრულიად შეცვლილი პრიორიტეტები გაორმაგებული ინტერესით იკითხება ქართულ პოლიტიკურ წრეებში – ევროპული პოლიტიკის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკას სრულად ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობს ევროკავშირის ევროპული ღირებულებებისგან დაცლაზე, ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე და იდენტობის კარგვაზე.

ბრიუსელ-ვაშინგტონს შორის დაძაბულმა ფონმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიზეზებზე შიდა პოლიტიკური უთანხმოება გაამწვავა.