აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია პარტნიორებთან ერთად, თბილისში ახალ ცათამბჯენს ააშენებს. ახალი პროექტის, „ტრამპ თაუერ თბილისის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს Trump organization, რომლის ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული „ტრამპ თაუერ თბილისი“ დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალურ ნაწილად მოიაზრება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებს და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს. დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს. ახალი პროექტის შესახებ წერს „უოლ სთრით ჯორნალიც”, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები – Archi Group-ი და Biograpi Living-იც. გამოცემა ასევე იხსენებს, რომ ტრამპს საქართველოში წლების წინაც სურდა ცათამბჯენის აშენება, კერძოდ 2012 წელს, თუმცა კომპანიამ უკან დაიხია ამ პროექტიდან და სხვა მრავალი საგარეო გარიგებიდან, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობა. „უოლ სთრით ჯორნალი“ ასევე წერს, რომ „საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე პოზიციას იკავებს, აბალანსებს ურთიერთობებს დასავლეთთან და ამავდროულად თავს ართმევს დაძაბულობას რუსეთთან. ბოლო წლებში ის ასევე ცდილობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადებისა და ტურიზმის მზარდი სექტორის პოპულარიზაციით“.