ტრაგედია თბილისში - მენაშენეთა ინიციატივა

ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დაღუპულთა მეზობლების გამოკითხვა. საქმე აღძრულია უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა ვაზისუბანში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა, კარის გაღების დროს მას ლიფტი არ დახვდა და შახტში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტში მეუღლეც ჩავიდა, თუმცა, მოულოდნელად ლიფტი ამოძრავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა. ადგილზე მისულ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს წყვილი გარდაცვლილი დახვდათ. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლიფტი გაფუჭებული არ იყო და შესაბამისად, გამგეობისთვის ლიფტის შეკეთების თხოვნით არ მიუმართავთ, თავის მხრივ კი, გამგეობა პასუხისმგებლობას სწორედ ამხანაგობის თავმჯდომარეს აკისრებს. დღეს დედაქალაქში ლიფტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით კერძო სექტორი შეხვედრას მართავს. მხარეები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება მოხდეს პრევენცია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული.