ტრაგედია „მინდელის“ შახტში და მოკვლევის ოქმი

ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი ბოლო ტრაგედია უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

ასეთია „მოამბის“ მიერ მოპოვებული ოქმი, რომელიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა თითქმის ორთვიანი მოკვლევის შემდეგ წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, პრევენციული ზომების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, თავიდან აეცილებინათ აფეთქებით გამოწვეული ნგრევა, რამაც 16 ივლისს ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. ოქმში საუბარია როგორც ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილ დაუდევრობაზე, ასევე მუშების დაუმორჩილებლობაზე და წერია, რომ ამ ეტაპზე ობიექტზე რაიმე სამუშაოს შესრულება მიზანშეწონილი არ არის. შახტი, რომელიც ბოლო ექვს თვეში ორი შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა, ამ მომენტისთვის დახურულია. მისი ამუშავება იმ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც გერმანულმა კომპანიამ უნდა დადოს. „დიემთი გრუპის“ წარმომადგენლები შახტში არსებული შრომითი პირობების შესწავლას ორ კვირაში დაიწყებენ. მანამდე კი კომპანია „საქნახშირი“ დუმილს ამჯობინებს.