ტრაგედია გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტომანქანაში სამი ადამიანი დაიწვა, გარდაცვლილთაგან ორი არასრულწლოვანი და ავტომობილის მძღოლია. უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჰონდას მარკის ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილის მგზავრები ადგილობრივები იყვნენ. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, სამი კი ავტომობილში დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის, ორი გოგონაა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.