გუდაურში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. 12 ცხედარი გუშინ გამთენიისას გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების მიხედვით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი ნახეს. პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.