ტრაგედია გალში - გლოვის დღე საქართველოში

დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 არასრულწლოვანს დღეს, საბერიოში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ენგურის ხიდზე დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების პედაგოგები. მათ შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ, თქმით ოკუპირებულ საბერიოში გადასვლისა და გარდაცვლილი მცირეწლოვნებისთვის პატივის მიგების საშუალება მიეცათ. შეგახსენებთ რომ 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ყველაზე უფროსი შვიდი წლის იყო, უმცროსი კი რამდენიმე თვის. არსებული ინფორმაციით, ბავშვების მშობლები ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებაში წავიდნენ, შვილები კი ბებიას დაუტოვეს. ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, რომ ხანძარი შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა. 56 წლის ქალი ხანძარს გადაურჩა.

ის ადამიანები კი, ვინც ოკუპირებულ საბერიოში პანაშვიდზე ვერ ჩავიდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, „აფხაზეთის მე-14 სკოლაში“ შეიკრიბნენ, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვები სწავლობდნენ. მათი ხსოვნის პატივსაცემად, 7 და 6 წლის, ემილი და ანამარია ჭოლარიების საკლასო ოთახებში სპეციალური კუთხე მოეწყო. ადგილზე სანთლებით, ყვავილებითა და ფოტოებით დილიდან მიდიან მასწავლებლები და მოსწავლეები. გლოვის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში დაშვებულია საქართველოს დროშა.