ტრაგედია ბათუმში

ტრაგედია ბათუმში – ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ისინი იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სწორედ ერთ-ერთი გასახლებული ოჯახის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, მათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ირკვევა, თხრილი წყლით იყო სავსე. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ შემთხვევა სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც შემოსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. უბედური შემთხვევის ადგილზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას უარყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. „ოცნების ქალაქში“ მისულმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ პროექტის ფარგლებში ბინების მშენებლობა დაწყებული ამ დროისთვის არ არის. ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილისთვის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტი რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.