ბათუმში ორ მცირეწლოვანი ბავშვს გლოვობენ. ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში მოხდა. ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სწორედ ერთ-ერთი გასახლებული ოჯახის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ და მათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ირკვევა თხრილი წყლით იყო სავსე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ეს განცხადება გვიან ღამით, „ოცნების ქალაქში” მისულმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა, რასაც ადგილზე შეკრებილების გაღიზიანება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები მომხდარში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ საფრთხის შესაბამისი მანიშნებლები ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო.
როგორც მაცხოვრებლები ჰყვებიან, ტრაგედიის ადგილი სწორედ სამშენებლო ტერიტორია იყო, რომელიც შემოსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, მათივე თქმით, დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილისთვის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტი რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.