ტრაგედია ბათუმში. ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ისინი იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სწორედ ერთ-ერთი გასახლებული ოჯახის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ და მათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ირკვევა, თხრილი წყლით იყო სავსე. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ შემთხვევა სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც შემოსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, მათივე თქმით, დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.
ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
უბედური შემთხვევის ადგილზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას უარყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. გვიან ღამით, „ოცნების ქალაქში“ მისულმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ პროექტის ფარგლებში ბინების მშენებლობა ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ისინი მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ საფრთხის შესაბამისი მანიშნებლები ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო. შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილისთვის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტი რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.