თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პირველად საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ანგარიშს ახალი კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს. ერთსაათიან ანგარიშში თორნიკე რიჟვაძემ  რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მისი თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში აჭარაში სამი ქალაქის მშენებლობა დაიწყო, მოგვარდება მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულთა პრობლემა, ქობულეთში დაიწყო ნახევარი მილიარდის ღირებულების პროექტის – მწვანე ქალაქის მშენებლობა, ასევე, ბათუმში დაიწყო განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. რიჟვაძის განცხადებით, წლის ბოლომდე აჭარაში საინვესტიციო პაკეტი მიაღწევს მილიარდ ლარს. ოპოზიციის შეფასებით, ანგარიში იყო ზოგადი და მათ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. უმრავლესობის შეფასებით, რიჟვაძემ ამომწურავად წარმოადგინა ანგარიში, ოპოზიციას კი ძირითადად შეკითხვები ჰქონდა იმ მიმართულებით, რაც არის არა აჭარის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა. მცირედი ხმაური მოჰყვა შეკითხვების პროცესს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი შეკითხვებს რეგლამენტით გათვალისწინებული 2 წუთის ნაცვლად 25 წუთის განმავლობაში სვამდა, რის გამოც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა, ამას კი დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა.