ტოჩინოშინის გაცილება სუმოდან

ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა. სპორტიდან ლევან გორგაძის გაცილების საზეიმო ცერემონია ტოკიოში გაიმართა. ქართველ სუმოისტს ჩომაგე, იგივე სუმოისტების ვარცხნილობა მოკვეცეს, რის შემდეგაც მებრძოლი სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში და უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღებაც, რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა „რუსთავმა“ გააფორმა. ქართველი სუმოისტის დებიუტი კლუბ „კასუგანო ბეიას“ შემადგენლობაში 2006 წელს შედგა, 2008 წელს კი მან „მაკუუჩი“ დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 2018 წელს კი ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე იმპერატორის თასი მოიგო და ამ შედეგით ის სუმოს ისტორიაში პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი გახდა, რომელმაც საიმპერატორო თასი დაისაკუთრა და ოძეკის რანგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე ლევან გორგაძემ „მაკუუჩი“ დივიზიონში 500-ზე მეტი შეხვედრის მოგება შეძლო.