თინა ბოკუჩავას განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს, რათა 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულოს.

თინა ბოკუჩავას საკითხზე პრესკონფერენციის ჩატარება დაკავებულების დედებთან ერთად სურდა, თუმცა, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მათ პარლამენტში შესვლის უფლება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. ბოკუჩავა ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე კვირაა, ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით.

ბოკუჩავა ითხოვს, რომ მას არჩილ თალაკვაძე დაკავებული პირების – ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებთან ერთად შეხვდეს და განმარტოს მიზეზები, რატომ არ აძლევს ამ უფლებას. ბოკუჩავას განცხადებით, ბუდაღაშვილზე ზეწოლა ხორციელდება.