თიანეთში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

თიანეთში ფერმერებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

მცხეთა-მთიანეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის საკითხებზე შეკრებილებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ელაპარაკა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგსა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში  მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ყვარის მთას“ 90 %-იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.

ფერმერებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხები, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოწესრიგება, დაცული ტერიტორიების გაფართოება, მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვა, რეგიონში პროფესიული განათლების ხელშეწყობა, მელიორაციის მიმართულება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთო კრებებზე წამოჭრილი სხვა საკითხები.

დატოვე კომენტარი