დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავენ – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ახალი იდეა სულაც არ არის და გრენლანდიის შეძენის საკითხი 1880-იანი წლებიდან შეერთებული შტატებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტად ითვლებოდა. მისივე თქმით, ეს ასევე აუცილებელია არქტიკულ რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად. როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ ვარიანტებს ყოველთვის ღიად ტოვებს, მაგრამ მისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველია. ევროკავშირი კი – პირობას დებს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას არსად დაუშვებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნით და მათ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ.