თეთრი სახლის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივ შეხვედრას ელოდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ვისი იდეა იყო ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის ჩატარება, ნაცვლად ტრამპის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრისა, ლევიტმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინთან, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ მიიღეს.
„ყველა თანხმდებოდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ორი ლიდერი ერთად დასხდებოდა და პრეზიდენტი ამას ელოდება“, – განაცხადა ლევიტმა. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს ამ შეხვედრის ჩასატარებლად.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის პრეზიდენტობისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს კი, რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია. მისი თქმით, შესანიშნავია ის, რასაც ტრამპმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიაღწია.