ტერორიზმში ბრალდებულის ექსტრადირება

ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი უკრაინამ საქართველოს გადმოსცა.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან – თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.