ტერორიზმის მცდელობის საქმე – ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა
13-წლიანი საპატიმრო სასჯელი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. ალეკო ელისაშვილის ქმედება სასამართლომაც ტერორისტული აქტის მცდელობად მიიჩნია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
საქმე ეხება 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარს, რასაც პროკურატურამ ტერორიზმის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა და მთავარ მტკიცებულებად სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები დაასახელა. ფინალური სასამართლო პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა – საკუთარი განცხადებების გამო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს, მანამდე კი პოლიტიკოსმა მომხდარი ბოლო წლებში განვითარებულ პროცესებზე პროტესტით ახსნა. ადვოკატი გასაჩივრების ყველა მექანიზმის გამოყენებას აპირებს, არ არის გამორიცხული, სამართლებრივი დავის ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაწყებაც. ოჯახი და დაცვის მხარე არც ბრალის კვალიფიკაციას ეთანხმება და მოსამართლის დღევანდელ განაჩენს ხელისუფლების კარნახით მიღებულ გადაწყვეტილებად აცხადებს. განაჩენის გამოტანის მიუხედავად, ელისაშვილს სასამართლოში სიარული მომავალშიც მოუწევს – ძიების საგანია 2025 წლის მაისში ამჯერად საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში მომხდარი შემთხვევა და ცეცხლის გაჩენა, რაც პროკურატურას ასევე ტერორიზმის მცდელობად აქვს მიჩნეული.
დღევანდელ ვერდიქტს რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში – ოპოზიცია ელისაშვილს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს.