ტერორისტული თავდასხმა ვენაში

ავსტრია გლოვობს.

ტერორისტების სამიზნედ ამჯერად ქალაქი ვენა იქცა. ოთხი დაღუპული, 17 დაჭრილი: სროლა ექვს სხვადასხვა ადგილზე ისმოდა, შესაბამისად გუშინდელი ტერაქტის უკან უკვე ლიკვიდირებული თავდამსხმელის გარდა სხვა პირებიც დგანან. დაკავებულია 14 ადამიანი. საქართველოს საელჩოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ დრომდე ძალაში რჩება მოწოდება სახლებში დარჩენაზე. მოკლული ტერორისტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე 20 წლის მამაკაცია, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო. ხელწერა პარიზში ხუთი დღის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის იდენტურია. საფრანგეთის დედაქალაქის მსგავსად, ვენაშიც შემზარავი თავდასხმა კარანტინის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

ვენაში მომხდარ თავდასხმას  უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის  პრეზიდენტი. მომხდარი დაგმეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმაც. მათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ავსტრიასა და საფრანგეთს   ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში  თანადგომა გამოუცხადეს.

მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიძულვილის გაჩუმება -ასე გამოეხმაურა ტერორისტულ თავდასხმას რომის პაპი და ადამიანებს მშვიდობისკენ მოუწოდა. ავსტრიელ ხალხს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.