საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს იშუამდგომლოს განათლების რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს „სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ”. როგორც წერილშია აღნიშნული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ უნდა იქნეს განხილული. პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა ამავე მოთხოვნით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტსაც მიმართეს. განცხადების ავტორებმა უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით პეტიციაც შეიმუშავეს.