შესაძლოა, გამოძიების ინტერესის საგანი გახდეს მიწა და შენობა-ნაგებობები, სადაც „საქართველოს უნივერსიტეტია“ განთავსებული.
საუბარია კოსტავას გამზირზე მდებარე უმაღლეს კერძო სასწავლებელზე, რომლის პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი წლების წინ ჩამორთმეული ქონების დაყადაღებას და უკან დაბრუნებას ითხოვს. დავით გურგენიძემ ძიების დაწყების მიზნით პროკურატურას წერილით უკვე მიმართა. მიმართვის ავტორი ამტკიცებს, რომ 22 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც უნივერსიტეტის საკუთრება იყო, 2008 წელს საეჭვო გარიგების შედეგად გასხვისდა. კანონდარღვევას გამორიცხავს მეორე მხარე, რომელიც მიწის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების გადაცემას ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული აუქციონით ხსნის და ამბობს, რომ თავის დროზე ქონების შესაძენად მილიონებია გადახდილი. თვეების წინ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების საეჭვო გზით გასხვისების დეტალებზე ამავე სასწავლებლის კანცლერმაც ისაუბრა.
ხატია ჯამალაშვილი არკვევდა, მოჰყვება თუ არა უმაღლესი სასწავლებლის რექტორის წერილს სამართლებრივი რეაგირება.