თენგიზ ცერცვაძის განცხადება  

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კლინიკის შენობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ შენობაში სარემონტო სამუშაოები უახლოეს თვეებში არ განხორციელდება, კლინიკა კოვიდ-პაციენტების სრულფასოვან მომსახურებას ვეღარ შეძლებს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის მენეჯმენტი შენობის მოძიების პროცესშია. განიხილება ახალი შენობის მშენებლობის შესაძლებლობაც, რისთვისაც სახელმწიფომ 40 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა ცერცვაძის თქმით, პროცესს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის დიდი პერიოდია, მით უმეტეს მაშინ როდესაც, კლინიკას კოვიდ-ინფიცირებულების მიღება და მკურნალობა უწევს. ინფექციური კლინიკის შენობის მფლობელ კომპანია „ავერსში“ აცხადებენ, რომ მათ კუთვნილ ფართში ინფექციური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოების განხორციელების უფლებას მანამდე ვერ მისცემენ, სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება. კომპანია ითხოვს, დროულად გაფორმდეს ხელშეკრულება სამ მხარეს შორის, რათა გაირკვეს ინფექციური კლინიკის მიერ შენობის დატოვების ვადები. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმებას, რომლის შემდეგაც კლინიკას სარემონტო სამუშაოების წარმოებისა და აპარატურის დამონტაჟების საშუალება ექნება.

დატოვე კომენტარი