თელეთთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე სომხეთის მოქალაქეა. დაშავებულია 20 პირი. ისინი სხვადსხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი რეანიმაციაშია. დაშავებულებიდან 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი – აზერბაიჯანის. ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარია გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, მომხდარს გამოძიება სწავლობს.