ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

12:03, 27.02.2026

ტელეკომპანია „იმედი“, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ, საკუთარ ბანკს ხსნის. მედიაჰოლდინგი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

„მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება.

მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, მზადყოფნა გამოთქვა, საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები, არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას. ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“.

მსგავსი