ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე

სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე, ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის და მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ბრალდების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

პროკურატურამ დღეს რეპლიკა წარმოთქვა. დაცვის მხარემ კი ამისთვის დრო ითხოვა.

ყოფილ მაღალჩინოსნებს 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევაზე აქვთ ბრალი წარდგენილი. 2004 წელს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი პროკურატურამ გახსნილად 2016 წელს გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიზნად დაისახეს, ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზია, რისთვისაც შემუშავდა დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ განახორციელეს.