7 ნოემბრის აქციის დარბევის, „იმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე დღეს კიდევ ერთი მოწმე დაკითხეს. მოსამართლის კითხვებს ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორმა, გოგი ჯაოშვილმა უპასუხა. ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთაწმინდის პარკის ყოფილი დირექტორია. მოწმემ ვრცლად გაიხსენა, თუ როგორ დაიძაბა 2007 წელს ბიზნესასოციაციაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის ურთიერთობა და როგორ დაიწყო მასზე ზეწოლა.
ჯაოშვილმა მთაწმინდის პარკში სამართალდამცავების შესვლა და აქტივების იძულებით გასხვისების პროცესიც გაიხსენა, ასევე მოჰყვა, თუ როგორ დაიწყო ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 7 ნოემბრამდე მთაწმინდის პარკის გარშემო გაფორმებული 49-წლიანი ხელშეკრულების პირობების დარღვევა. მოწმემ ახსენა მერიის მაშინდელი მაღალჩინოსანიც. „იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ექსპრეზიდენტი და ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. ესენი არიან ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი.