ტელეჟურნალისტიკის პირველი თაობის წარმომადგენელი ვალენტინა ხაზალია გარდაიცვალა

პირველი ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ვალენტინა (ვალია) ხაზალია 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილისის ტელესტუდიის არსებობის პირველ დღეებში რუბრიკები : „მწერალი სტუდიაში“, „ახალი წიგნები“, „ქართული სცენის ოსტატები“, ჟურნალი „ხელოვნება“, რომლებსაც იგი წლების განმავლობაში უძღვებოდა.

ქართული ტელეჟურნალისტიკის პირველი თაობის წარმომადგენელი ვალია ხაზალია ტელევიზიაში დიპლომატიური სამსახურიდან მოვიდა. მან დაამთავრა საფრანგეთის, სორბონას უნივერსიტეტი ფილოლოგიის განხრით. იგი მუშაობდა1956 წლიდან საქტელერადიოკომიტეტის ტელევიზიის ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა რედაქციის პასუხისმგებელ რედაქტორად. 1963 წლიდან კი იყო სატელევიზიო ჟურნალის “ლიტერატურა და ხელოვნების” რედაქტორი.

საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ ხუროთმოძღვრებისა და სახვითი ხელოვნების აქტიური პოპულარიზაციისათვის, ამ საქმეში ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ქართველი მხატვრებისადმი მიძღვნილი უნიკალური ფონდის შექმნისათვის ვალია (ვალენტინა) ხაზალია დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

სატელევიზიო კარიერის დასრულების შემდეგ ხაზალია მუშაობდა ფრანგულ-ქართული და ქართულ ფრანგული ლექსიკონის შექმნაზე. ასევე გამოცემული აქვს დამხმარე სახელმძღვანელო ფრანგული ენით დაინტერესებულთათვის.