თელავის საკრებულოს დეპუტატს ბრალს დღეს წარუდგენენ

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თელავის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს. მას ბრალს დღეს წარუდგენენ. მიხეილ გრემელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მეუღლეზე და შვილებზე ფიზიკური ძალადობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებულმა მიხეილ გრემელაშვილმა, რომელიც  თელავის საკრებულოს ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატია და საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ ხელმძღვანელობს, თავის სახელზე რეგისტრირებული „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა  მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას უკანონოდ შენახული კალაშნიკოვის სისტემის იარაღიც ამოიღეს. მიხეილ გრემელაშვილი  თელავის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.