თედო გობეჯიშვილის საქმე

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თედორე გობეჯიშვილს შესთავაზეს, – ერთ-ერთი პარტიის სახელით 50 000 დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და ეთქვა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ამ განცხადების გაკეთების შემთხვევაში კი, კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. გამოძიების ცნობითვე, გობეჯიშვილისაგან უარის მიღების შემდეგ, დაკავებულები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და აიძულებდნენ შემოთავაზებულ წინადადებას დასთანხმებოდა. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.