თეა ახვლედიანის მოსმენა პარლამენტის კომისიის სხდომაზე
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს. მან პარლამენტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვა გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობისა და როლის გაძლიერებაზე. თეა ახვლედიანმა ასევე მიმოიხილა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი, განხორციელებული საქმიანობა და დასახული შემდგომი ნაბიჯები. მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული ხასიათის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობას, სახელმწიფო უწყებების მეტად გაზრდილ როლსა და შესაბამისი ფუნქციების განხორციელების გზებს.