„თბილსერვისის“ თანამშრომლის დაკავება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.
დაკავებულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. გამოძიება ამბობს, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ქრთამს იღებდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებული მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს კონტროლის ღონისძიებებზე ინფორმაციას წინასწარ აწვდიდა, დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ კი მათთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა. ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც. საქმეში დევს აუდიო-ვიდეო მასალებიც. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ქრთამის სახით 3000 ლარის აღების დროს აიყვანეს და ფულადი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.