თბილისში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველია.

ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს, პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის

ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გახსნის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სტუმრებს ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მიმართა.