თბილისში სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურებიან

რა რეაგირება ექნება რუსეთს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატოში საქართველოს მიღების შემდეგ რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება.

გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა 2008 წლის ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ინტერვიუში ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სწორი იქნება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე მზად ჰქონდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი „უკან წაწია“.

სერგეი ლავროვის განცხადებას გამოხმაურება მოყვა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია მმართველ გუნდს რუსეთის მიმართ ლოიალურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სწორედ უსაფრთხოებისთვის სჭირდება, თუმცა ხელისუფლება ამ მიმართულებით სათანადოდ არ მუშაობს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა აქვს და სამშვიდობო პოლიტიკა სწორად მუშაობს.