თბილისში საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილები გაიხსენეს

თბილისში დღეს 1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილები და გადასახლებულები გაიხსენეს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, მსხვერპლთა სახელები და გვარები ხმამაღლა წაიკითხეს.

საჯარო ღონისძიება სიმბოლურად ყოფილ ჩეკას სახლთან გაიმართა. საბჭოთა დიდი ტერორი 30 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანება გამოვიდა. შეიქმნა არასასამართლო ორგანო, ე.წ. ტროიკა, რომელიც რამდენიმე წუთში წყვეტდა ადამიანის ბედს. ამ ბრძანების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში მარტო საქართველოში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, მათი ნახევარი კი დახვრიტეს.