თბილისში რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსება იწყება
თბილისის მერია კიდევ ერთი დაავადების მკურნალობას დააფინანსებს.
რევმატოიდული ართრიტი – სახსრების დაზიანების გამომწვევი ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს, თან ახლავს ძლიერი ტკივილები და ქმედუუნარობა. გართულების პირობებში რევმატოიდული ართრიტი პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ მძიმედ აისახება და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მედიკამენტი, რომელსაც დაავადების პროგრესირების შეჩერება შეუძლია, იმდენად ძვირადღირებულია, რომ პაციენტების დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია. აჭარის მთავრობის შემდეგ, რომელიც პრეპარატს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს 2022 წლიდან უფინანსებს, ანალოგიური პროგრამა თბილისშიც ამოქმედდება. დედაქალაქის მცხოვრებლები მედიკამენტს თანადაფინანსებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან მიიღებენ.