თბილისში მეტრო ხვალ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

თბილისში მეტრო ხვალ არ გაჩერდება და ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეების გაფიცვის მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივრა. ახლა კომპანიას სასამართლოს მიერ განსაზღვრული ერთთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მეტროს თანამშრომლებთან  მოლაპარაკებები აწარმოოს.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, მეტროს მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით მუშაობენ და იმედი აქვს, რომ ყველაფერი მოლაპარაკების გზით, მშვიდობიანად გადაწყდება. მისივე თქმით, მეტროს გაჩერებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან კომპანიაში ყველა მიმართულებით არის რეზერვები. საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიც გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, თუმცა, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასების მატება შეუძლებელია.

დატოვე კომენტარი