თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 და 9 აპრილს, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.
ავტომანქანით საბურთალოს სასაფლაოსთან მისვლა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით არის შესაძლებელი. ტერიტორიას მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის მიმართულებით დატოვებენ.
კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. უკან დასაბრუნებლად მოქალაქეები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით ისარგებლებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლა შესაძლებელია როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით. ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.
ამავე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომელიც მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსი მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა. კუკიის და მახათას სასაფლაოებისკენ კი – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან. საბურთალოს სასაფლაოზე მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“.
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან. ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის მე-15 კორპუსთან.