თბილისში კორპუსების სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება

საცხოვრებელ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემაზე კონტროლი მკაცრდება.

საუბარია უკვე ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებზე. გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების გახშირებული დარღვევები სახელდება. ირკვევა, რომ ჩაბარების დროს სამშენებლო კომპანია სახანძრო უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულ ტექნიკურ საშუალებებს დროებით ქირაობდა, რათა მერიას კორპუსი ექსპლოატაციაში მიეღო. შესაბამისი ნებართვის გაცემისთანავე კი მითითებული სისტემა იხსნებოდა, ანუ ახალაშენებული კორპუსი სახანძრო უსაფრთხოების სისტემის, მათ შორის სავენტილაციო დანადგარების, გარეშე რჩებოდა. გამოვლენილია ათეულობით მსგავსი შემთხვევა, რის გამოც კანონმდებლობის გამკაცრებაც იგეგმება. მომავალში ასეთი ფაქტების საპრევენციოდ საცხოვრებელ კორპუსებს მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმებენ.