თბილისში, დიღმის ტყე-პარკში აქცია გაიმართა

თბილისში, დიღმის ტყე-პარკში აქცია გაიმართა. მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია „კიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყე-პარკში რესტორნის მშენებლობა იგეგმება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, თბილისის მერია საკითხით დაინტერესდეს და არ დაუშვას რესტორნის აშენება. მათი თქმით, ამ მშენებლობამ დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს. ისინი საკითხის საჯარო განხილვებსაც ითხოვენ ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით.

აღნიშნულ საკითხს, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს არასწორი ინფორმაცია აქვთ, რადგან იგეგმება დიღმის ტყე-პარკის სრულად გამოსყიდვა, ხოლო „კიას“ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრე დასასვენებელი სივრცის მოწყობას გეგმავს.