თბილისში აუტიზმის ცენტრის მშენებლობა დაიწყება

მომავალ წელს თბილისში აუტიზმის ცენტრის მშენებლობა დაიწყება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრი ფუნქციონირებას 2026 წელს დაიწყებს.

პროექტის ავტორთა განცხადებით, ცენტრში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და მოზარდები ყველა საჭირო სერვისს მიიღებენ.

დაწესებულება აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით. მის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადებას.

სარეაბილიტაციო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით 230 ბენეფიციარს უფასოდ მოემსახურება.