თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა
ახალი ეტაპი თბილისი შემოვლითი გზის მშენებლობაში – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტით გათვალისწინებულია წიწამური-ავჭალის მონაკვეთის მშენებლობა. აშენდება თითქმის 7,5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი საავტომობილო გზა. ამ მონაკვეთის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო ნაკადის დედაქალაქიდან გატანა და ამ ფორმით თბილისის საცობებისგან განტვირთვაა.