თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა

ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედებული ახალი სატრანსპორტო სქემა ეტაპობრივად სხვა ქუჩებზეც გავრცელდება.

ეს არის სისტემა, რომელიც უპირატესობას პირველ რიგში ფეხით მოსიარულეს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებს. ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი მიდგომის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კერძო ავტომობილების ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლები სახელდება. 2012 წელთან შედარებით ავტომობილების რაოდენობა 400 000-ით არის გაზრდილი. შეცვლილი სქემით ქალაქის მთავრობა მანქანების მძღოლებს გადაადგილების ალტერნატიულ მეთოდებს სთავაზობს და საკუთარ პოზიციას იმ ოთხი საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევებით ამყარებს, რომლებიც მერიას სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებაში კონსულტაციებს უწევენ.