თბილისის საკრებულოს სხდომა

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა დროებით შეჩერებულია. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ 2020 წლის არჩევნების პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, გლდანის რაიონში ხდებოდა მოსახლეობის დაშინება და მოსყიდვა. აღნიშნულს გლდანის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის პროტესტი მოჰყვა, რაც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეძგვერაძემ ზარნაძეს დროშა ესროლა.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია. დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, დღეს კენჭი უნდა ეყაროს როგორც თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, ასევე გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებსა და მაღალტექნოლოგიური კვლევების სრულად დაფინანსების საკითხს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.