თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 103 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერი, განათლების მინისტრთან ერთად, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ივანე ჯავახიშვილისა და პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულით შეამკო. გიორგი გახარიამ უნივერსიტეტის დაარსების 103 წლისთავი მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა უნივერსიტეტელს და სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ასევე გაეცნო თსუ-ს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა ე.წ ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა. ათი ჭკვიანი დაფა ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ასევე, ფონდმა დააფინანსა თითქმის 10 მილიონი დოლარით თსუ-ს პირველი, ისტორიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები.