თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

დეკემბრის დასაწყისში თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ რეჟისორებს უმასპინძლებს.

ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არა ონლაინ, არამედ ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. ფესტივალს ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ გახსნის, რომელიც საქართველოდან „ოსკარის“ ნომინაციაზეა წარდგენილი.

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე კი ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის, ლუი გარელის ფილმი, „ჯვაროსნული ლაშქრობა“. დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც ფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პრომეთე“ გადაეცემათ.