თბილისის საახალწლო სლოგანი და ოპოზიციის პროტესტი

„მშვიდობის ქალაქი“ – თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი პროტესტის და პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალი თემა ხდება.

ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქის მერიას მწვავედ აკრიტიკებს და ომში მყოფი უკრაინის მიმართ მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს. ოპონენტები სადღესასწაულო სლოგანის მიღმა ნიშნის მოგების აზრს ხედავენ და ფიქრობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების, ავიაიერიშების და მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელი და უხერხულია. პროტესტი გაუგებარია ხელისუფლებისთვის. საახალწლო სლოგანზე დავამ ომში ჩართვასთან დაკავშირებული ბრალდებები კიდევ უფრო გაააქტიურა. მწვავე იყო თბილისის მერის რეაქციაც.