თბილისის პასუხი რუსეთის საგარეო უწყებას

მოსკოვის პროვოკაციული მოწოდებით დასრულებული რაუნდი ჟენევაში.

ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა იმ რეზონანსულ განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ლავროვის უწყება საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით დე-ფაქტო რეჟიმებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს. მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან გატაცებები საკმაოდ გახშირებულია, ჩაკეტილია ე.წ. გადასასვლელები, ირღვევა ადგილობრივების უფლებები და პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავებულია ჰუმანიტარული მდგომარეობა, მოსკოვი ადგილზე არსებულ ვითარებას შედარებით სტაბილურად აფასებს. განცხადების მთავარი გზავნილი ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლაა. წინა რაუნდების მსგავსად, დევნილების საკითხზე საუბრის დაწყებისთანავე რუსულმა დელეგაციამ შეხვედრა ამჯერადაც ჩაშალა, რაზეც ლავროვის უწყება პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს. მოსკოვი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ტენდენციური დოკუმენტების გატანაში ადანაშაულებს.