თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერია მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-დან 21 წლის ჩათვლით მოქალაქეებს, ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახით, ვაუჩერით დაუფინანსებს, ვაუჩერის ღირებულება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარი იქნებიან, თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე, ბოლო ერთი წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები იყვნენ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა გააჟღერა, კრწანისის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ეხება, რომელიც დღეიდან დაიწყო. მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით, კრწანისისა და გორგასლის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.