„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის, მიმდინარე წელს სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდის, წელს კი 3 600 ვაუჩერს გასცემს. თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე, ლიფტების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება. კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის მერიისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობაა. კალაძის განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გლდანის რაიონს ახალი ბაღი შეემატება. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, განცხადება გაკეთდა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც.